საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თვალსაზრისით ახალ სანებართვო საქმიანობის სახეებს აწესებს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ განმარტა, რომ აუცილებელია შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, აღმოფხვრის პრობლემას, რომელიც უკავშირდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არსებობას, რასაც ემსახურება სწორედ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება. მომხსენებლის თქმით, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე. კანონპროექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონულ (ონლაინ) აზარტულ ანდა მომგებიან თამაშობებზე შემოდის ნებართვის სახეები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების თამაშობების, ტოტალიზატორის თამაშობები, რომელთა ორგანიზების სანებართვო საქმიანობებზე ნებართვა გაიცემა მხოლოდ ფიზიკურად არსებული სამორინეების ნებართვის მფლობელებზე. პროექტით გათვალისწინებულ ამ და სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც შემდეგი მოსმენისთვის იქნება გათვალისწინებული. კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები განხორციელდება საქართველოს ათამდე კანონში. ამ დათქმით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტს პირველი მოსმენით. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ სათამაშო ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები.
აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ახალი წესები დადგინდება
14/12/2022