2017 წელს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ეწვევა.
ქ.პოტსდამში მიმდინარე ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან.
სებასტიან კურცმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში 2017 წლის იანვარში საქართველოს ეწვიოს. მინისტრებმა განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ეწვევა
02/09/2016