ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება

09/11/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი კალოუბნის N18-ში განხორციელდება. მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებთან შეთანხმება მიღწეულია და საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.

„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც პროექტირების ეტაპზეა. კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს აქ და მათი მოთხოვნის საფუძველზე, დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია. გაფორმებულია ხელშეკრულება საპროექტო კომპანიასთანაც, რომელიც დეტალურ პროექტირებას წლის ბოლომდე დაასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას გარემონტებული ფართები ჩაბარდება.

„პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ბინები ჩაბარდებათ. პროექტი ორი წლის განმავლობაში დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა რაიონების გამგებლებს მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, მაგრამ საზოგადოებას კონკრეტული პროგრამა წარვუდგინეთ, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლების განმავლობაში ეს შენობები ჩანაცვლდება. გამგებლებს მოგიწოდებთ, მაქსიმალური მხარდაჭერა ოჯახებს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან. არის შემთხვევები, როდესაც ზოგი მათგანი დამატებით ფართებს ითხოვს, მეზობლები ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხზე, რაც იწვევს პროექტის შეფერხებას, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზაობა აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე – აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით, 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ასეულობით ოჯახის პრობლემის გადასაჭრელად. კიდევ ორ მისამართზე – აბაშვილის ქ. N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დამატებით, დაახლოებით, 180 ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ამჯერადაც გამოხატავენ ინტერესს და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით, რასაც ათეული წლებია სახელმწიფოსგან ელოდებოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთლიანობაში, ხუთი წლის განმავლობაში, თბილისის მერია 2 000-მდე ოჯახის პრობლემის მოგვარებას შეძლებს. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო დაპირების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ყველა ოჯახს დააკმაყოფილებს.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დაახლოებით, 3 000-მდე ოჯახზეა საუბარი, რომელსაც აღნიშნული პრობლემა ეხება და უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება. ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ყველა ოჯახი დაკმაყოფილება და მათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი გაიხსნება. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„როგორც ვთქვით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოები ნოემბერში დასრულდებოდა. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით, გამწვანებით, მიმდებარე არეალებით. ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან დედოფლის გამზირზე. ასევე, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, რათა ტრანსპორტმა შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

„ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. კერძოდ, სპორტის სასახლის მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელდა, სადაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შესაბამის სამუშაოებს შეასრულებს.

„დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის, არსებულის განახლება და მოწესრიგება. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. იცით, სპორტის სასახლის ტერიტორია როგორ არასწორად არის განაშენიანებული, რა პრობლემებია, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია გამოინახოს სივრცეები პატარა სკვერების მოსაწყობად. ბოლო წლების განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთხი ასეთი პროექტი განახორციელა. ამჯერად, თბილისის მერიამ რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა და კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს განტვირთვის და დასვენების საშუალება ჰქონდეთ. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – იაგო მაისურაძე წარუდგინა, რომელიც თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორია.

„ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი წარმატება პროფესიონალ, თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანებზეა. ხშირად შეიძლება მე ვჩანდე, თუმცა, კონკრეტული პროექტების უკან 30 000-მდე თანამშრომელი დგას, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქალაქს. მე ვამაყობ თითოეული მათგანით. დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო იაგო მაისურაძე, რომელიც თბილისის N199 ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ დირექტორია. ის 2008 წლიდან უდგას სათავეში თბილისში ყველასთვის საყვარელ საბავშვო ბაღს, სადაც მისი დამსახურებით, პატარებისთვის ნამდვილი ზღაპრული სამყაროა შექმნილი. ბატონი იაგოს მონდომებით, ბაღში მოწყობილია წიგნის საკითხავი სივრცე, შესაბამისი ინვენტარითა და დეკორაციებით. ბაღს კი ხშირად ჰყავს წარმატებული ადამიანები სტუმრების სახით. მადლობა იაგოს გაწეული საქმიანობისთვის და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი მხრიდან კი ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, თანადგომა და დაფასება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0