არც მიფიქრია, რომ დავით უსუფაშვილის გარდა სხვა ვინმე იქნებოდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ”რესპუბლიკელებმა” მისი კრიტიკა საწყენად მიიღეს და ემოციურადაც გამოვიდნენ.
”გარდა იმისა, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერია, ის არის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. როცა მკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება და ჩემს თავმჯდომარეობაზე რას იტყვიო, – არც მიფიქრია, რომ სხვა კაცი იქნებოდა თავმჯდომარე, ასე რომ ის ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს. თითი თითზე არ დაუდვიათ იმ კომისიაში. ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ. კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით და „რესპუბლიკელებთანაც“ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, რომ საერთო, საჯაროდ არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთი შეკვეცილი უფლებებით პრეზიდენტის არჩევა დაბნეულობას იწვევს და თავად გიორგი მარგველაშვილიც დაბნეულია.
”შეთანხმებული ვიყავით, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. ადრე ვუსაყვედურე „რესპუბლიკელებს“, თუ რატომ „გაუპრავეს“ მარგველაშვილს სააკაშვილის სასახლეში შესვლა. პირველი გადახტა უსუფაშვილი და „გაუპრავა“. სხვა კანონებიც, რომელიც კონსტიტუციაშია დასახვეწი, არ გააკეთეს, მათ იმიჯს არ მოუხდებოდა. საპარლამენტო რესპუბლიკელების კონსტიტუციების მიხედვით პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი, ასე უნდა ყოფილიყო, რამეთუ ეს აბნევს ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, ნახეთ, როგორი დაბნეულია ეს კაცი. ეს არ მოუხდებოდა ”რესპუბლიკური პარტიის” იმიჯს, რადგან ისინი ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს. ”რესპუბლიკელებმა” გაითავისონ, რომ არ შეიძლება საკუთარ პარტიას გადაახარჯო ქვეყნის ინტერესები. ეს მქონდა მხედველობაში როცა ვთქვი, რომ სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია”, იქ მთავრდება ქვეყნის ინტერესები-თქო. თუმცა ამ პარტიას აქვს თავისი დამსახურებები, მაგრამ სწორედ ამან არ მომცა საშუალება მათთვისაც დამეჭირა მხარი თუ ჩემი მხარდაჭერა რამეს ნიშნავს. საუბედუროდ, არც ”რესპუბლიკური პარტია” და არც ”თავისუფალი დემოკრატები” ”ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არის”, – განაცხადა ივანიშვილმა.