სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს უკავშირდებოდა. შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, ამავე სააგენტოსა და სამხარეო ადმინისტრაციის სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას უწყების ძირითადი საქმიანობისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ასევე, მონაწილე მხარეებს მერაბ გაფრინდაშვილმა გააცნო გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“. ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგისა და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია.
ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზირებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. საუბრის დროს, აგრეთვე, იმსჯელეს რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებულ საკითხებზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მცხეთა-მთიანეთში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წელს მოსალოდნელ პროგნოზებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
29/04/2023