ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მაღალი პროგრესია იმასთან შედარებით, რაც სამი წლის წინ ქვეყანაში იყო

23/01/2016

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მაღალი პროგრესია იმასთან შედარებით, რაც სამი წლის წინ ქვეყანაში იყო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჰოლიდეი ინში” შეხვედრა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის შესრულების თაობაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო კომიტეტს წინადადებებს აცნობენ. ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო გეგმის შესრულებაში არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი აქტიურად მონაწილეობს.
“ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამ პროექტის მიზანია, რომ ყველა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაძლიერდეს საპარლამენტო კომიტეტის მონიტორინგი, თუ როგორ სრულდება ადამიანის უფლებების დაცვის გეგმა. ამ პროექტში ასევე ჩვენი მიზანია აქტიურად იყოს ჩართული არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი. ისინი თანამშრომლობენ ძალიან კარგად. მუდმივი მონიტორინგი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება გეგმა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე შეფასებით, დინამიკა აჩვენებს, რომ გეგმის შესრულების მაღალი მაჩვენებელია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 20-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა. კომიტეტს კი აქვს მაღალი შეფასება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მონიტორების მხრიდან.
“ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მაღალი პროგრესია იმასთან შედარებით, რაც გვქონდა სამი წლის წინ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სამთავრობო გეგმის შესრულებაში ჩართულია 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0