ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

11/02/2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, გეგმა საკმაოდ ამბიციურია იმის გათვალისწინებით, რომ მასში გაწერილი ძალიან ბევრი საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„არა მხოლოდ საკითხების სიმრავლე, არამედ თითოეული საკითხის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი. ის კანონმდებლობა, რაც გეგმაშია გათვალისწინებული, სრულად ესადაგება ჩვენს კომიტეტს. ადამიანის დაცვის სფერო მუდმივად ცვალებადი სფეროა და ყოველთვის უნდა იყოს თანადროული იმ საჭიროებებისა, რომელიც მუდმივად ჩნდება და განსხვავებულ პრიორიტეტიზაციას მოითხოვს ცალკეული საკითხი იმის გათვალისწინებით, თუ როგორია კონტექსტი, კონკრეტული სოციალური ვითარება ან ეკონომიკური მდგომარეობა. იმის გათავლისწინებით, რომ საკმაოდ რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, მაღალია მოლოდინი, რომ ხშირ შემთხვევაში დაგვჭირდება ისეთ საკითხებზე მუშაობა, რომელიც ამ გეგმით ამ წუთში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ნაკარნახები იყოს იმ საჭიროებით, რად მოიტანა დრომ. ამას განაპირობებს კოვიდ პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა, რაც ყოველთვის საყურადღებო იქნება. მუდმივად გვექნება კოორდინაცია სამთავრობო დაწესებულებებთან. ვფიქრობ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავუმკლავდეთ იმ კრიზისულ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია პანდემიით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც მთავრობის გეგმით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობას უკავშირდება.

„საპროგნოზო გეგმით დიდია საკანონმდებლო ინიციატივების ჩამონათვალი და მასში არაერთი საკითხია, რომელზეც წამყვანი კომიტეტის სტატუსით ან სავალდებულო წესით მოუწევს ჩვენს კომიტეტს მუშაობა. ეს გეგმა შემოსულია უკვე ამ დროისთვის. ჩვენ გავეცანით და გვაქვს გარკვეული მოსაზრებები თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით. გვექნება კომუნიკაცია იურიდიულ დეპარტამენტთან და შევთანხმდებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სად როგორი ჩართულობა იქნება განსაზღვრული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, გეგმით გათვალისწინებულია რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტით და, ზოგადად, კანონმდებლობით განსაზღვრულ, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დაწესებულებების ანგარიშგებას „მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც წინა წლის ანგარიშიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს დაეგზავნათ გარკვეული აქტივობების განხორციელებაზე ინფორმაცია და მათგან ველოდებით ანგარიშებს. ამაზე გვექნება მნიშვნელოვანი ინტენსიური სამუშაო. ეს უკვე კარსმომდგარი ამოცანაა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ტიპის საქმიანობები, როგორიცაა უკვე მიღებული საკანონმდებლო ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესზე ზედამხედველობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0