ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა გააცნო. მისივე თქმით, შშმ პირთა შესახებ 2022 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც სამინისტროებმა, ასევე მუნიციპალიტეტებმა და საჯარო დაწესებულებებმა. ნიკო თათულაშვილმა ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონთან მიმართებით ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებზე, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებაზე.
„სამოქმედო გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიერ საანგარიშო პერიოდში ყურადღება ექცეოდა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების განხორციელებას, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მან ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხზე, ასევე, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. მომხსენებლის თქმით, გაიზარდა სოციალური მომსახურების გეოგრაფიული დაფარვა და დაინერგა ახალი მომსახურებები; შემუშავდა ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე შშმ ბავშვთა მომსახურების სტანდარტები და განხორციელდა საპილოტე პროექტი; გაძლიერდა შშმ პირთა საკოორდინაციო მექანიზმი და დღეს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედებს ოთხი კომიტეტი. თითოეულ კომიტეტს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა. ნიკო თათულაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის გასაძლიერებლად, რაც მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას გულისხმობს. ნიკო თათულაშვილმა ასევე ისაუბრა: შშმ პირებისთვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობაზე, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე, განათლების უფლების ხელმისაწვდომობასა და კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე.
დღესვე ნიკო თათულაშვილმა დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა. სამოქმედო გეგმა ისეთ ჩარჩო დოკუმენტებს ეყრდნობა, როგორიცაა: გაეროს კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ (UN CRPD), მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), საქართველოს კონსტიტუცია და კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.