ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. ცვლილების თანახმად, სასამართლოს მიერ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას იურიდიული დახმარების მიმღები პირის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ხარჯებს სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში იურიდიული დახმარების ხარჯებს სასამართლო განსაზღვრავს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.
„თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, იურიდიული დახმარების ზემოაღნიშნული ხარჯების ოდენობა განახევრდება. ამასთან, თუ იურიდიული დახმარების სამსახურის მოწინააღმდეგე მხარე გადახდისუუნარო ან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია იქნება, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება მას იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ არ დაეკისრება. გარდა ამისა, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლდება დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის სარჩელზე ან ცნობს სარჩელს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.