ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინეს

11/02/2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს მოუსმინეს.
კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, რევაზ ჯაველიძემ გააცნო. პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის შესახებ კანონებში ცვლილებები შევიდა, რომელთა საფუძველზე შეიქმნა ორი უწყება- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ უწყებათა ხელმძღვანელების შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მიმდინარეობს. როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი და შეიქმნა საკონკურსო კომისია.

„კომისიამ კონკურსში მონაწილეების მოსმენის შემდეგ, ხმათა უმრავლესობით 3 კანდიდატურა შეარჩია, ხოლო პრემიერ-მინისტრმა შერჩეული კანდიდატებიდან პარლამენტს ასარჩევად ორი წარუდგინა: ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

თითოეულმა კანდიდატმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით საკუთარი ხედვაზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კომიტეტში გამართული კენჭისყრის პროცედურის შედეგად, ლელა ჯანაშვილს 7-მა, ხოლო თამარ ალფაიძეს 2 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0