ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ ოთხი თვის ანგარიში წარმოადგინა

28/04/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა კომისიის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 25 აპრილის ჩათვლით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში კომისიის წევრებს ამავე კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ წარმოუდგინა. მისი ინფორმაციით 4 თვის მანძილზე კომისიამ სულ ექვსი სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
კერძოდ, დეპუტატებმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2016 წლის სამოქმედო გეგმის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით არსებული საკითხები განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე ასევე კომისიის აქტივობების თაობაზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.
მისივე თქმით, კომისიის შუამდგომლობით განხორციელდა თბილისის სხვადასხვა რაიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების სხვა ალტერნატიული საცხოვრებლის არმქონე ფაქტობრივი მფლობელებისა და მოსარგებლეებისათვის დაკანონება და სხვა.
როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ოთხი თვის მანძილზე კომისიის სახელზე საკრებულოში სულ 66 სხვადასხვა ხასიათის განცხადება შევიდა, რომელთაგან 27 შეთხვევაში კომისიამ შესაბამისი შუამდგომლობის განხორციელების მიზნით კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებები თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონების, ბინის ქირითა და საცხოვრისით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე სამშენებლო და სამართლებრივი დავების მოგვარების შინაარსის იყო.
სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კომისია მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში და ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან.
კერძოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, ასევე თბილისის მერიასთან და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან.
სხდომის დასასრულს, გულიკო ზუმბაძემ კომისიის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზეც ისაუბრა.
დღესვე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიაში შესული განცხადებებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0