ახმეტის და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, შემოსულია 786 შეტყობინება; ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. ზარალის შეფასების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ. როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროექტი ცალსახად ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. 2018 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 10,927 პოლისი; პროექტში ჩართულია 6 511 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,276,128 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 11,048 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 82,738,746 ლარია. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
აგროდაზღვევის ბენეფიციარებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
23/08/2018