აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა წარადგინა.
„დღეის მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო სისტემა და დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას და წარმოაჩენდა ხედვასა და მიზნებს დარგში შემდგომი პოლიტიკის განსახორციელებლად. ჩვენი ხელისუფლების პირველივე დღეებიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოცხადდა სოფლის მეურნეობა. სექტორის მზარდი მოცემულობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს შედეგიანი, თუმცა საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული აქცენტების და პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა საკვანძოდ მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობა და ძლიერი აგრარული სექტორი ამცირებს სიღარიბეს და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველს ქმნის, ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების ხარისხის ზრდას და ახდენს მოსახლეობის სოფლისგან დაცლის პრევენციას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტის მიზანია სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა, ასევე, ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განიმარტება ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვა. ასევე, განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები. იქმნება სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის. კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომელიც სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, სრულდება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება, რომელიც ბუნების დაცვას და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციას მოიცავს. კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს მიერ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში, რატიფიცირებულ/შეერთებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. საკანონმდებლო ინიციატივით შეიქმნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ განიხილეს. წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალი მსყიდველობითუნარიანი ბაზარი. ამასთან, საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების დადება ძალიან შედეგიანი იქნება სატარიფო დათმობების კუთხით.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ბაზარი გაიხსნა და საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%. შესაბამისად, გამონაკლისებში რჩება მხოლოდ 2.5%. საქართველოს მხრიდან ტარიფები შენარჩუნდა 4.5%-ზე. ამასთან, ქართულმა მხარემ გამონაკლისებში დაიტოვა, როგორც პირველადი, ასევე, გადამუშავებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. წარმოდგენილი შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოში არსებულ საწარმოებს, რომ საკუთარი პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე ხელმისაწვდომი გახადონ დამატებითი სამომხმარებლო ბაზრისათვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში დასაქმების გაზრდას. ასევე მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.