აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ – ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე მოწვეული იყვნენ ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების, საბანკო ასოციაციისა და სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები. ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მათი შეფასებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე პრობლემის წინაშე დგანან ქალები და ახალგაზრდები, მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად მოტივად დასახელდა ის ფაქტი, რომ მათ საკუთრებაში არ გააჩნიათ აქტივები, რომელიც შესაძლებელია საფინანსო ორგანიზაციებში გირაოს სახით ჩაიდოს შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით. ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ისიც, რომ საოჯახო მეურნეობებს არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუკი საბანკო სექტორი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ პროექტებს შეიმუშავებს. როგორც ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბოლო წლებში დაკრედიტების ზრდის მიუხედავად, ფერმერებს მაინც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აწუხებს და ეს უფრო მეტად საოჯახო მეურნეობებს ეხება. თემატური ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. მათი შეფასებით, დღეს საბანკო საზოგადოება ცდილობს ყველანაირად მოერგოს ფერმერის საჭიროებებს, თუმცა პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, კომპლექსურია და იგი ერთობლივად უნდა გადაიჭრას. შემდეგი ზეპირი მოსმენა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან გაიმართება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე პირველი ზეპირი მოსმენა გამართა
04/12/2023