აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მაკროეკონომიკურ მიმოხილვასა და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების შესახებ ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ცალკეული უწყებების მიერ თანხების ათვისების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, უწყებების მიერ ათვისების მაჩვენებელი კარგია, მათ შორის, ეს ეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულება არის 95 პროცენტი. 504, 6 მილიონი ლარია ჯამში ათვისებული. მთელ რიგ პროგრამებში არის გადაჭარბება, რა თქმა უნდა, გრანტების ხარჯზე, თუმცა საშუალო მაჩვენებელი როგორც აღვნიშნე 95%-ია, მათ შორის, სურსათის უვნებლობის კუთხით – 94,1%, მევენახეობა-მებაღეობის მიმართულებით – 42,7%, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა – 95%, ერთიანი აგროპროექტი – 98,6%, მელიორაციაზე მიმართულია 84, 2 მილიონი ლარი და 93%-ია შესრულების მაჩვენებელი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, მართალია შემდეგში ბიუჯეტი დაზუსტდა და მთელ რიგ სამინისტროებში დაფინანსება გაიზარდა, თუმცა გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, რომელიმე მიმართულებით თანხების აუთვისებლობას და რომელიმე პროგრამის ჩავარდნის რისკს დღეის მდგომარეობით ვერ ხედავენ. ბიუჯეტის ათვისების 9 თვის პროგნოზი 16 მლრდ 16 მლნ ლარი იყო, თუმცა საკასო შესრულებამ 15 მლრდ 769 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 98,5%-ია, ეს კი წლიურ გეგმასთან მიმართებაში 72%-ზე მეტია. ზოგადად, ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს რაც შეეხება, შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული -104,3%-ია, ჯამში შეადგენს 16 მლრდ 257 მლნ ლარს, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 14 მლრდ 402 მლნ ლარს და შესრულება 102%-ია. მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებშიც ზრდა 100 პროცენტზე მაღალია და 13 მლრდ 732 მლნ ლარს შეადგენს, რაც ცხრა თვეში დაგეგმილის 103,5%-ია.