აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი პრინციპები კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ამნისტიის შეთავაზებას კონკრეტული პირებისათვის, რომლებსაც დანაშაულებრივი გზით აქვთ საკუთრების უფლება მოპოვებული სახელმწიფოს საკუთრების უფლების მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მთავარია, რომ აღნიშნულმა კერძო პირებმა ამნისტიის კანონპროექტით განსაზღვრული წინაპირობები შეასრულონ.
„კერძოდ, სახელმწიფო ასეთ პირებს სთავაზობს და აცხადებს ამნისტიას სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლთან დაკავშირებით. ეს არის 180-ე მუხლი (თაღლითობა) და 362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). კონკრეტულად ამ ორი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება და აღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტი განხორციელდა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სთავაზობს პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისგან გათავისუფლებას და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი 2024 წლის სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
მისი თქმით, ზიანი ანაზღაურებულად ჩაითვლება, თუ მიწის ნაკვეთი, რომლის უკან დაბრუნება შესაძლებელია, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დაითმობა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ უნდა მოხდეს ამ მიწის საბაზრო ღირებულების სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადარიცხვა. თუ პირი დაეთანხმება ამ პირობებს – მიატოვებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას ან გადაიხდის თანხას, მის მიმართ ამნისტიის აქტი განხორციელდება. აღნიშნული არ გავრცელდება უკვე გადახდილ ჯარიმებზე, ან პირებზე, რომლებიც უკვე 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გაასხვისებენ აღნიშნული გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთს.