აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე განიხილა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტი ქმნის სამართლებრივ საფუძველს საიმისოდ, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება განხორციელდეს არა მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის, არამედ სხვა წყალმოსარგებლის მიერ. ცვლილება ასევე ითვალისწინებს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას არა მხოლოდ საირიგაციო, არამედ სხვა მიზნითაც, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურებისთვის, სათევზე მეურნეობებისა და სხვა, რომელთა შესახებაც პროექტი პირდაპირ მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება სხვა წყალმომხმარებლის მიერ შესაძლებელი იქნება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. კანონპროექტით ზუსტდება განმარტებები, ახლებურად ყალიბდება საირიგაციო სისტემის ცნება და განსხვავებულად განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. კერძოდ, ეროვნული კომისია ადგენს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და სხვა წყალმოსარგებლეებისათვის გასაწევი მომსახურების ტარიფს. სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც კომიტეტის დასკვნაში აისახება და ინიციატორებს გაეგზავნება. ამის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების“ (საქართველო – ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი) თაობაზე. ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პროექტი მოიცავს მაგისტრალური არხების, მეორადი და მესამეული არხების პროექტირებას, მშენებლობას და ზედამხედველობას. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, წყლის გაუმჯობესებული მენეჯმენტის საშუალებით პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საცხოვრებელი პირობების ხარისხის გაუმჯობესებას, ბუნების დაცვისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების უკეთ მართვას. აღნიშნული პროექტის დაფინანსების მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სესხის სახით 40 მილიონი ევროს გამოუყოფს, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. 20 მილიონი ევრო ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნული ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო დარჩენილი 20 მილიონი ევროს მისაღებად მხარეებს შორის დამატებით ფინანსური ხელშეკრულება გაფორმდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის სარატიფიკაციოდ პლენარულ სხდომაზე გატანას. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზა ლორთქიფანიძის შეყვანას.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა

06/03/2023