დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მოქმედ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგებმა განაპირობა. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ ნააკ-ის პროცესმა გამოავლინა და გააანალიზა კანონის მოქმედებისას ცალკეული ხარვეზები, კანონის აღსრულების და ეფექტიანობის ხელისშემშლელი ფაქტორები. კონტროლის პროცედურის შედეგად მომზადებულ ანგარიშში შეჯამდა მოსაზრებები კანონის აღსრულების სირთულეებთან დაკავშირებით და აისახა ყველა ის რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნდა გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: ნინო წილოსანს, გელა სამხარაულს, გიორგი ცაგარეიშვილსა და სამველ მანუკიანს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებული ჩანაწერების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობას და, მეორე მხრივ, ადგენს რიგ ახალ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც მოეთხოვებათ დასახელებული სტატუსის მქონე კოოპერატივებს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
12/12/2022