აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას მოუსმინეს, რომელმაც კომიტეტის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს და 2022 წლის ათ თვეში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო. მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მიმართულებებით მუშაობს: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; ღვინის ხარისხის კონტროლი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართულ ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობის სისტემის განვითარება. ამისათვის ღვინის ეროვნული სააგენტოში 6 სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს.
ლევან მეხუზლამ კომიტეტის წევრებს თითოეული მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. მისი თქმით, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, 2021 წელი ერთ-ერთი წარმატებული წელი იყო – ღვინო ექსპორტზე 62 ქვეყანაში გავიდა და 100 მილიონ ბოთლიან ნიშნულს პირველად გადაცდა, სერტიფიკატი 107 მილიონზე მეტ ბოთლზე გაიცა. ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს, პირველი ცხრა თვის განმავლობაში, ექსპორტის 15%-იანი მატებაა და, ზოგადად, ამ სფეროში ათ წელზე მეტია არის სტაბილური ზრდა როგორც ექსპორტის, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კადასტრის პროგრამა, კახეთსა და რაჭაში სრულად დამთავრდა ვენახების პასპორტიზაცია, მომავალ წელს იგეგმება ამ პროცესის დასრულება საქართველოს მასშტაბით. რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ორივე წელს მოქმედებდა რთველზე სუბსიდირების პროგრამა და პროცესის სწორად წარმართვითა და კერძო სექტორის აქტიურობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დაზოგვა მოხდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს და მევენახეობის განვითარებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო პროდუქციაში ღვინის ექსპორტი წამყვან ადგილს იკავებს და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მილიონ დოლარზე მეტის პროდუქცია იყო ექსპორტირებული. აღსანიშნავია, რომ წელს მთლიანად საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი – 107 მილიონი ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული. 62 ქვეყანაში შედის ქართული ღვინო და, რაც მთავარია, დღეს ანგარიშში მოვისმინეთ, რომ იმ მარკეტინგული ბაზრების კუთხით, სადაც გვსურს, რომ უფრო მეტად იყოს ქართული ღვინო წარმოდგენილი – ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, იაპონია, პოლონეთი, რეალურად მუშაობს კამპანია და ის პროგრამა, რომელსაც ღვინის სააგენტო აწარმოებს. კომიტეტმა ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ ანგარიშში ხარჯების ნაწილი უფრო დეტალურად იყოს გაშლილი. ზოგადად, სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად ვაფასებთ“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.