„ძალისხმევა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის და UNDP-ის დახმარებით გასწია – როგორც წლიური ანგარიშის, ისე სამოქმედო გეგმის შინაარსის, ფორმისა და სტრუქტურის სისტემური ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტში როგორც სამოქმედო გეგმების, ისე ანგარიშების სტანდარტიზაცია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშისა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაზე, ასევე, მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა კომიტეტების საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და შემდეგ, საზოგადოებისთვის გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარების მნიშვნელობა.
„ძალისხმევა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის და UNDP-ის დახმარებით გასწია – როგორც წლიური ანგარიშის, ისე სამოქმედო გეგმის შინაარსის, ფორმისა და სტრუქტურის სისტემური ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტში როგორც სამოქმედო გეგმების, ისე ანგარიშების სტანდარტიზაცია. სტანდარტიზაციას დადებითი მხარე აქვს – მთავარი რაც არის ისაა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტექსტებში ნავიგაცია გაუადვილდება, ვინაიდან სტრუქტურა, ფორმა და კონცეფცია ჩვენი მოქალაქეებისთვის აღსაქმელად უფრო მარტივი იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესოა ის გამოცდილება, რომელიც ამ პროცესში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიძინა. რაც შეეხება გეგმას, იმ შემთხვევაში, თუ ეს წარმატებული სტრუქტურა იქნება, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ კომიტეტებიც გაიზიარებენ და ანგარიშებისა და სამოქმედო გეგმების ერთგვაროვანი სტრუქტურა ჩამოყალიბდება. ამასთანავე, დოკუმენტი მარტივად სტრუქტურირებულია და მასში არის სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები, რომლებიც ტექსტუალურ ნარატივს ისეთ დოკუმენტად გარდაქმნის, რომელმაც შედეგები, გარკვეულწილად, თვლადიც კი გახადოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.