აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში მოისმინა

22/02/2022

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში მოისმინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია „საქართველოს მელიორაციის“ სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, დარგში შექმნილ მდგომარეობაზე, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება და ამის დასტურია სულ უფრო მეტი რაოდენობის წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობები.

მომხსენებლის თქმით, „საქართველოს მელიორაცია” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ისეთ ობიექტებზე, რომლებზეც სამუშაოები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა. უწყების სტრატეგიული მიზნებია: წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობის ზრდა; ძალისხმევის გაზრდა წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობების მაქსიმალურად ათვისებისათვის; წყალმომხმარებელთა ჩართულობის ზრდა წყალუზრუნველყოფის ეფექტურობის კომპლექსური გაუმჯობესებისათვის; დარგის რეფორმირება სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის მისაღწევად. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებისათვის განმარტებები ასევე გააკეთა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით წითლიძემ.

„დღეს ფერმერებს სოფლის მეურნეობის კუთხით უპრეცედენტო დახმარება ეწევათ, ეს ეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის, მელიორაციის მიმართულებითაც ვნახეთ, რომ ფაქტობრივად გასამმაგებულია დახმარება. აღსანიშნავია, და ბიუჯეტის მხრიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება მელიორაციის სფეროს გასაუმჯობესებლად, ირიგაციის და დრენაჟირების სისტემის გასამართავად“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0