აგვისტოში პარტიებმა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამურად 7 256 151 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს

20/09/2016

მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა 7 256 151 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი შემოსავალი – 3 328 701 ლარი – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო. აქედან დიდი ნაწილი, 3 144 820 ლარი შემოწირულებას წარმოადგენს.
„ქართული ოცნების“ შემდეგ, ყველაზე მეტი შემოსავალი – 944 253 ლარის ოდენობით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერიცხება.
რაც შეეხება სხვა პარტიების მიერ მიღებულ შემოსავალს, შემდეგნაირად ნაწილდება: „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 638 144 ლარი; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 625 705 ლარი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 403 407 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 276 585 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ – 187 589 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ – 179 117 ლარი; „ლეიბორისტული პარტია“ – 177 071 ლარი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 173 347 ლარი.
მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატებიდან კი, ყველაზე მეტი შემოსავალი – 35 005 ლარი მიღებული აქვს ცეზარ ჩოჩელს; 34 000 ლარი – ილია კოკაიას; ხოლო 26 255 ლარი ირაკლი პეტრიაშვილს.

პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 6 431 889 ლარის ოდენობის ხარჯი გასწიეს. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან 2 789 274 ლარი შეადგინა პარტია „ქართლი ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაწეულმა ხარჯმა, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 903 241 ლარი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ხარჯების დიდი ნაწილი რეკლამაზე გაწეულ დანახარჯს წარმოადგენს.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების ხარჯებს აღნიშნულ პერიოდში, შემდეგნაირად გადანაწილდა: „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 644 203 ლარი; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 628 484 ლარი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 370 330 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 248 388 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ – 199 417 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ – 177 727 ლარი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 168 997 ლარი; „ლეობორისტული პარტია“ – 78 823 ლარი; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 65 390 ლარი; სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 42 903 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0