„ჩემთვის დიდი პატივია, რუმინეთის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგობრის, პარლამენტის სენატში სტუმრობა და თქვენ წინაშე ქართულ-რუმინული ურთიერთობების, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ საუბარი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ორ ქვეყანას არა მხოლოდ ისტორიული კავშირები აერთიანებს, არამედ საერთო კულტურული სიმდიდრე.
„ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს თქვენ ლამაზ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს. საქართველოსა და რუმინეთს არა მხოლოდ ისტორიული კავშირები აერთიანებს, არამედ საერთო კულტურული სიმდიდრე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენი, ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. სწორედ მსგავს მომენტებში მახსენდება დიდი ანთიმოზ ივერიელი, ადამიანი, რომლის ზეგავლენაც საზღვრებს სცდებოდა და რომლის მემკვიდრეობაც დღემდე ყველა ჩვენგანისთვის შთაგონების წყაროა. მან ძლიერი ემოციური და ისტორიული საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ერებს შორის ურთიერთობას, რომელიც დღესდღეობით ყვავის ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს მრავალი მიმართულებით. კერძოდ, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერია. რუმინეთი, აგრეთვე, რეგულარულად წამყვან ძალას წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მხრივ. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუმინეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
„ჩვენ მადლიერი ვართ რუმინული მხარის მიერ საქართველოს მხარდამჭერი თითოეული ნაბიჯისა და განცხადებისთვის. ჩვენი ურთიერთობების მსგავსმა მნიშვნელოვანმა ასპექტებმა შესაძლებელი გახადა ხანგრძლივი და მყარი კავშირების უფრო მაღალ – სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა, რაც, როგორც არასდროს, აახლოებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს. ჩვენმა პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა და სიღრმე შეიძინა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი ქვეყნები შავ ზღვას ესაზღვრება. მსოფლიოს ამ რეგიონის უსაფრთხოება კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება დღესდღეობით ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, რათა ამ რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ. აგრეთვე, შავი ზღვა შესაძლებლობების სივრცეს წარმოადგენს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ისტორიული აბრეშუმის გზა, რომელსაც დღეს ხშირად „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე და იაფი სატრანზიტო მარშრუტია. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაზარდოს თავისი როლი, როგორც ლოგისტიკურმა ცენტრმა და რეგიონში ბიზნესის კეთების ჰაბმა. მოწადინებულები ვართ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში, რათა წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. ახალი საბორნე მიმოსვლის დაწყება, რომელიც რუმინეთის კონსტანტას პორტს ფოთის პორტს აკავშირებს, კარგი მაგალითია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენ ძალისხმევას, გავაძლიეროთ დაკავშირებადობა შავ ზღვაში. ამასთანავე, გვჯერა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, აგრეთვე, უდიდესი პოტენციალი აქვს, რათა დაეხმაროს ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგები საქართველოსთვის – უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ისტორიულად უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ძირითადად, დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან, 2020 წლის შემდეგ ვაჭრობის გაორმაგება, ექსპორტის ჩათვლით, მზარდი ტურიზმი, გაზრდილი გაცვლები პორტების, რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
„აბრეშუმის გზას აქვს პოტენციალი, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს მისი წევრების ყველა ოჯახს, მათ შორის, აქ, რუმინეთში, ამ გზის მნიშვნელოვან მაკავშირებელ ადგილას შავი ზღვის გადაღმა. მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და საპარლამენტო დონეზე მის შესავსებად სხვადასხვა აქტივობით. მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად, პარლამენტებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. მოწადინებულები ვართ, გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თავმჯდომარეების, მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეებზე. გვჯერა, რომ არსებითი რეგულარული გაცვლები შესაძლებლობას მოგვცემს, მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს. რუმინეთის გამოცდილება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისასალმებელი იქნება ამ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მანვე აღნიშნა, რომ დროა, ევროკავშირმა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
„ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ ჩემი დიდი პირადი მხარდაჭერის გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენს მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე. დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ახლა, დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისად დაფასდება. დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, ვთხოვ ჩემს რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნატო-ს მისიების დიდი მხარდაჭერის უზრუნველყოფით. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილი, საქართველო სანდო და ეფექტიანი მარშრუტია ევროპისთვის, მათ შორის რუმინეთის ალტერნატიული ენერგორესურსების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად.
„დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ჩუკასა და თითოეულ თქვენგანს ამ დიდებულ ადგილას, თქვენ წინაშე საუბრის უნიკალური შესაძლებლობისთვის. აქ ყოფნისას ვგრძნობ თქვენს თბილ სტუმარ-მასპინძლობას, თქვენს კულტურულ სიმდიდრესა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ ორ ერს აკავშირებს. ეს შეგრძნება სცდება დიპლომატიას, ეს არის სახლში ყოფნის შეგრძნება, მეგობრებსა და ახლობლებს შორის. ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა გავაღრმაო ჩვენი კავშირები, აღვნიშნო ჩვენი საერთო მემკვიდრეობა და გავაგრძელო თქვენთან ერთად საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა. დაე, გასდევდეს ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა და სულისკვეთება ჩვენს საქმიანობას, რაც შეგვახსენებს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში სიტყვით გამოსვლის დროს.
რუმინეთის სენატში პლენარულ სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა, ეკატერინე სეფაშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.