დუშეთის მუნიციპალიტეტში აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 1 930 000 ლარს აღემატება, 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე დაეგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
“სხვა არაერთ პრიორიტეტულ საკითხთან ერთად, მხარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ კუთხით რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის ახლა დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიმყოფებით, სადაც აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული პროექტი იყო პრობლემური, ვინაიდან კომპანია დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდა, რის გამოც ტენდერის თავიდან გამოცხადება გახდა საჭირო. ამ ეტაპზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა.” – განაცხადა დავით ნოზაძემ.
აღსანიშნავია, რომ აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მთის განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება.