საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება. პრეზიდენტმა ესტონეთის პრემიერი იური რატა ტალინში გამართული შეხვედრისას მოიწვია. ესტონური მხრიდან არსებობს მზაობა და ქართულ მხარეს აქვს მაღალი მოლოდინი, რომ კონფერენციას ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენელიც დაესწრება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.
არჩევნების შედეგად ესტონეთში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა და საქართველომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიიღო მხარდაჭერა ყველა იმ წამოწყებაში, რასაც საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში ახორციელებს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობას და განსაკუთრებული ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით ესტონეთთან წარმატებულ ურთიერთობებს. არაერთი ქართველი სტუდენტი მაღალკვალიფიციურ განათლებას იღებს ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მიხეილ ნინუას განცხადებით, ასევე მივიღეთ მხარდაჭერა ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
17/05/2019