​კანადა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიურ მხარდაჭერას

12/05/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის კანადაში ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 11 მაისს გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები. გაიცვალა ინფორმაცია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური საკითხების თაობაზე. კანადურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ინტეგრაციის პროცესში.
პოლიტიკური კონსულტაციების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების პროცესს. ცალსახად აღინიშნა სამიტის კონტექსტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ კანადური მხარე კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ქმედით მხარდაჭერას. შეხვედრისას კანადურმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, კონკრეტულად, ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს უაღრესად ფასეულ კონტრიბუციას.
ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით მხარეებმა იმსჯელეს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, რაც დამატებითი სტიმული გახდება ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქვეყანაში კანადური ინვესტიციების მოზიდვისათვის. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის, ასევე სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს დელეგაციების გაცვლის მნიშვნელობას და ორი ქვეყნის შესაბამის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას. გამოითქვა დაინტერესება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში კანადური კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა კანადურ მხარეს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების აქტიური განხილვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში.
კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0