“ჰაიდელბერგ ცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

27/09/2016

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კასპში, კომპანია „ჰაიდელბერგის“ მიერ ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა.
100 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია კასპში – საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო. პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ ბიზნესი ენდობა და მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკურ კურსს, რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დამატებითი ინვესტიციის დაანონსება ნიშნავს იმას, რომ საქმიან წრეებში არსებობს ქვეყნის სტაბილური განვითარების განცდა და ეკონომიკური ზრდის მოლოდინი. „ეს არის ნდობა პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელიც რეალურად არის ქვეყნის სტაბილურობისა და სწრაფი განვითარების გარანტი,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კასპის ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციისას მოხდება საწარმოს სრული ტექნოლოგიური გადაიარაღება, რაც საბოლოო პროდუქტს ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. გარდა ამისა, კასპში დაინერგება მწვანე ტექნოლოგიები. მისი თქმით, საწარმო იქნება ენერგოდამზოგავი, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ხარჯეფექტურობისთვისაც და ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0