თბილისის მერიამ ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრული რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
“სამგორის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ალბათ, ყველამ იცით ეს ტერიტორია – აეროპორტის გადასახვევთან არსებული სკვერი, სადაც მონუმენტი „ადამიანი და მზე“ დგას. მონუმენტი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რეაბილიტირდა, განათდა, ტერიტორია გამწვანდა, დამონტაჟდა განათების სისტემები. დარჩენილია პატარა დეტალები, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ეს ის ადგილია, რომელსაც პირველად ხედავენ დედაქალაქში აღმოსავლეთ საქართველოდან, ასევე, აეროპორტიდან შემომსვლელი სტუმრები. ეს ტერიტორია იყო გაუბედურებული, დანგრეული. დღეს ეს ყველაფერი განახლებულია და ვიზუალური თვალსაზრისითაც ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სარწყავი სისტემა მოეწყო, 4 713 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და სხვადასხვა სახეობის 2 410 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. პირველი თარგი მოეწყო ტერასულად, შეიქმნა მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. ამავე თარგში განახლებული დიზაინით, ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ახალი საინფორმაციო ბანერი განთავსდა, ხოლო მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება. კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 21 777 მწვანე ნარგავი დაირგო და 48 725 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი. რაც შეეხება „ადამიანი და მზის“ მიმდებარე ტერიტორიას, მონუმენტთან არსებულ თარგში მოეწყო დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება. ასევე, განხორციელდა თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. ორივე თარგში მოეწყო ლენტური განათებები და დამონტაჟდა გრუნტის პროჟექტორები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 425 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამასთან, ჰიდროთესვის პრინციპით, 24 300 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.
„ადამიანი და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის პროექტზე დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯორჯ ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონ ლარამდე გამოიყო.