ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ

12/01/2016

საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია, – ამის შესახებ “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაირ მამედოვმა  განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ პროგნოზებს გეგმაში ყოველთვის ითვალისწინებენ, ამიტომ, მოულოდნელი არაფერი არ არის.

“ზრდა წელიწადში 8-9%-ს გულისხმობს. თუ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ მივიღებთ. ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ. ასე რომ, საქართველოს ბუნებრივი აირი გეგმის მიხედვით მიეწოდება. გვაქვს ორი გაზსადენი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი და შესაბამისად, მიწოდებასაც ვზრდით”, -განაცხადა მამედოვმა.

“სოკარის” წარმომადგენელს თბილისში ოფიციალური შეხვედრები ხვალ აქვს ჩანიშნული. ცნობილია, რომ “სოკარის” წარმომადგენელი ხვალ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა ბუნებრივი აირი იქნება. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. გამართავს თუ არა მამედოვი მედიისთვის პრესკონფერენციას, ეს ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0