შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის საქართველოში დაკავების შესახებ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
“2019 წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში გასამართლებული ჯეკ შეპარდი სავარაუდოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
მონაცემთა დამუშავებით დადგინდა, რომ ჯეკ შეპარდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როდესაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ იყო და არანაირი საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავებისთვის.
ქართული მხარის ინიციატივით და ბრიტანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით, 2019 წლის 12 იანვარს, ჯეკ შეპარდის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, რის შემდგომაც აქტიურად დაიგეგმა და ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ძებნილი პირის დაკავების მიზნით.
ძებნის გამოცხადებიდან 10 დღეში, ჯეკ შეპარდი იძულებული გახდა გამოცხადებულიყო პოლიციაში, რადგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ, ის ვეღარ გადაკვეთდა სახელმწიფო საზღვარს და ამავდროულად, მისი დაკავების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობდა ოპერატიული ღონისძიებები.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში გამოცხადებამდე მან აიყვანა ადვოკატები და მიმართა მედიას, მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საჭირო ღონისძიებების გატარებას და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობას მისი ექსტრადირებისთვის. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო რათა ჯეკ შეპარდის ნებაყოფლობით სამართალდამცავ უწყებაში გამოცხადების პროცესში.
დამატებითი დეტალები არის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თავის შინაარსით გარკვეულწილად არის საიდუმლო.
რა თქმა უნდა, გვქონდა ინტენსიური თანამშრომლობა და გარკვეული ინფორმაცია, მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ეს ადამიანი გამოცხადებულიყო სამართალდამცავ ორგანოში.
ჩვენ ვიყავით ინიციატორები ბრიტანულ მხარესთან, რომ პირველ რიგში მიგვეწოდებინა ინფორმაცია და იქედან შესაბამისი ინფორმაცია მიგვეღო, რათა ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება მოგვეხდინა. შესაბამისად, ჩვენ ვთანამშრომლობდით და დღესაც ვთანამშრომლობთ ბრიტანულ მხარესთან.“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
გაზიარება
ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნა ქართული მხარის ინიციატივით დიდმა ბრიტანეთმა 2019 წლის 12 იანვარს გამოაცხადა
24/01/2019