„ჯარის ქალაქის” სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება

12/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური დეტალურად გაეცნო, თუ რა ეტაპზეა ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე პროექტი. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს ჯარს და მათზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჯარის ქალაქის” სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, ახალი პირობებით, 50-პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარი იქნება და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. უპრეცედენტო შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია მიიღებს ბინას, რაც სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0