ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ განიხილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების დადება შედეგიანი იქნება სატარიფო დათმობების კუთხით. კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროების მხრიდან ბაზარი გაიხსნა და საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97,5%. სატარიფო მოლაპარაკებების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მყისიერად გაიხსნება ბაზარი შემდეგი პროდუქტებისთვის: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი, ხოლო არმატურაზე გავრცელდება სატარიფო შეღავათი. 5 წლის შემდგომ კი უფრო მეტი პროდუქციისთვის გაიხსნება არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარი.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალი მსყიდველობითუნარიანი ბაზარი“, – განაცხადა მომხსენებელმა.