ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები განიხილა

25/12/2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა და შემუშავებული რეკომენდაციები განიხილა. კომიტეტში პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა მოკვლევა საკითხზე – „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“. სამუშაო ჯგუფმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგად დასკვნები და რეკომენდაციები შეიმუშავა.
მოკვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებები და შეფასებები სხდომაზე ექსპერტმა აკაკი ბურკაძემ წარადგინა. მისი თქმით, მოკვლევის მთავარი იდეა იყო სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა და მისი შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა, რომელთა შორისაა სტიგმატიზაცია და ფსიქოგანათლება. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ამ კუთხით გასაძლიერებელია მუშაობა. ექსპერტის თქმით, საჭიროა ფსიქიატრიული სერვისების დაფინანსების გაზრდა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. უნდა შეიქმნას პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა რესოციალიზაციას და ინტეგრაციას. ჯგუფის მიერ შემუშავებულია 21 რეკომენდაცია. საკითხის განხილვაში მონაწილეობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0