ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით იმსჯელა და პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი. მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პროექტის მომზადება განპირობებულია საერთაშორისო ვალდებულებით.
2022 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის კონვენციების თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის I სიას დაემატა 2 ნივთიერება (ბრორფინი და მეტონიტაზენი), გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის II სიას – 1 ნივთიერება (ეუტილონი), გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის სიის I ცხრილს – 3 ნივთიერება (ნორფენტანილი, ტერტ-ბუტილ 4 -(ფენილამინო) პიპერიდინ 1-კარბოქსილატი (1-ბოკ-4-აპ) და N-ფენილ-4-პიპერიდინამინი (4-აპ) და შესაბამისი ცვლილებები საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობაში უნდა აისახოს.
„არცერთი ეს ნივთიერება სამედიცინო და ფარმაცევტული მიზნებისთვის არ გამოიყენება, შესაბამისად, არ არსებობს ამ ნივთიერებებისთვის დადგენილი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რომლებმაც შემდეგ უნდა გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამდენად, კანონპროექტის თანახმად, ამ ნივთიერებების ნებისმიერი ოდენობით უკანონო ბრუნვა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუკავშირდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე წარადგინა კანონპროექტები: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტები კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.