ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, კომიტეტში ამ მიმართულებით შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სწავლობს.
„ორი თვეა, რაც კომიტეტში ჩამოყალიბდა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელმაც კომიტეტთან ერთად მოიარა რეგიონების, ასევე დედაქალაქის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები, კლინიკები, საცხოვრისები. შევხვდით ექსპერტებს, ექიმებსა და პაციენტებს. მოვიკვლიეთ, რა არის გამოწვევები, რა გვჭირდება, რომ პარლამენტმა მთავრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიმართულებით. დღეს პირველი მოსმენაა და ვხვდებით ექსპერტებს, ექიმებს, კლინიკების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს ამ მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე შეხვედრას, ვიდრე თემატური მოკვლევის ჯგუფი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე შესაბამის დასკვნას მოამზადებს“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.