ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა

16/10/2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონებში ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წევრებს კანონპროექტების ზოგადი პრინციპების თაობაზე ინფორმაცია გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, კანონებში ცვლილების მთავარი არსი ემსახურება ქვეყანაში შესყიდვის ახალი მექანიზმის, ე.წ. მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement, MEA) საკანონმდებლო დონეზე აღიარებას.

„ამ მექანიზმის შემოღების საჭიროება საქართველოში ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჯერ კიდევ ერთი წლის იქნა აღწერილი ჯანდაცვის სექტორის შეფასების მსოფლიო ბანკის დოკუმენტში, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის გაძლიერების პროექტს. ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი ძირითადი შედეგი არის ინოვაციური მედიკამენტების ის წილი, რომელიც შესყიდულია მართული შესვლის შეთანხმების საფუძველზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

​მისი ინფორმაციით, ეს მექანიზმი შეეხება ინოვაციური, ახალი, ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ითვალისწინებს სპეციალური პირობებით შესყიდვას. ამგვარად, კანონში ცვლილებები სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური (ახალი, ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. ხოლო მართული შესვლის შეთანხმებების კატეგორიების და მისი ადმინისტრირების წესის განსაზღვრას კანონი საქართველოს მთავრობას ავალებს. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით მართული შესვლის შეთანხმებით შესყიდული პროდუქტის შესყიდვაზე გავრცელდება შეღავათი, კონფიდენციალურ რეჟიმში მოხდება შესყიდვის პირობების და ფასის დაცვა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებლებს არ ექნებათ ამ ინფორმაციაზე წვდომა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან საშუალებას იძლევა ეფექტურად, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით მოხდეს მოსახლეობის დახმარება, მათი უზრუნველყოფა ინოვაციური (ახალი, ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტით.

„არაერთი კანონი და გადაწყვეტილება მივიღეთ ონკო და სხვა პაციენტების დახმარებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ტექნოლოგიები ვითარდება სწრაფად, მიღწევები მნიშვნელოვანია და საჭიროა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს ის წამლები, რომლებსაც წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა იღებს. ეს ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0