ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციაზე“ და მის თანმდევ კანონპროექტებზე იმსჯელა. კომიტეტის სხდომაზე საკითხი ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალვერდ ჩაქსელიანმა გამოიტანა და კონვენციის მიღების აუცილებლობასა და წინაპირობებზე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ვერცხლისწყალი გლობალურ საფრთხეს იწვევს, საჭირო გახდა კონვენციის მიღება, რომლის მიზანია ვერცხლისწყლის ზიანის მომტანი შედეგებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა.
„კონვენცია არეგულირებს ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვას საერთაშორისო დონეზე და აწესრიგებს მთელ რიგ ნორმებს და მოთხოვნებს. ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს კონტროლს დაუქვემდებარონ ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების მარაგები და ყიდვა-გაყიდვა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვერცხლისწყლითა და ვერცხლისწყლის ნაერთებით დაბინძურების საკითხი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, იგი რეალურ საშიშროებას წარმოადგენს და მიზანშეწონილია, რომ მოხდეს დოკუმენტის რატიფიკაცია და იმპლემენტაცია. წელიწადში გარემოში 4200 კილოგრამამდე ვერცხლისწყალი გამოიყოფა. კონვენციიდან გამომდინარე, მისი სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის და ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლის ნაერთების რეგულირებასთან დაკავშირებული დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, მომზადდა ცვლილებათა პროექტები გარემოს დაცვის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ამ ცვლილებებით საქართველოში იკრძალება ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება და მისი ნაერთების გამოყენება ოქროს მოპოვება-გადამუშავებაში, დგინდება შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კომიტეტის წევრებმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამასთანავე, გამოითქვა შენიშვნა, რომ ვერცხლისწყლით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, კარგი იქნება, თუ კანონპროექტებით შემოთავაზებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.