ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტზე იმსჯელეს

26/10/2022

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრაზე არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტზე, მიგნებებსა, რეკომენდაციების თემაზე იმსჯელეს, სადაც ექსპერტებმა დოკუმენტის საბოლოო ვერსია წარმოადგინეს. შეხვედრა გახსნეს და მის მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ. ზაზა ლომინაძემ მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ევროკავშირს, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველომ ჯერ შეიმუშავა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ახალი ეროვნული სტრატეგია, ხოლო შემდეგ მათივე მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტი.

„ეს დოკუმენტი, რომელიც მტკიცებულებებზე და მაღალი სანდოობის ფინანსურ გათვლებზეა დამყარებული, მნიშვნელოვანია, რათა შევთავაზოთ მთავრობას და საზოგადოებას სწორი რეკომენდაციები, სწორი პოლიტიკა, სწორი გზა არაგადამდები დაავადებების ტვირთის შესამცირებლად“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტზე ისაუბრეს ექსპერტებმა: United Health Futures-ის წარმომადგენელმა, ინსტიტუციური კონტექსტ ანალიზის ლიდერმა კეისი მაკენდრიუ და საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტის წამყვანმა საერთაშორისო ეკონომისტმა ჰალიფა ელმუშარაფმა (ლიმარკის უნივერსიტეტი, ირლანდია). დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ქმედებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, რომელიც მიმდინარე ხარჯებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, გაცილებით დიდი სარგებელი მოაქვს ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით.

„ექსპერტებმა ანალიზი გაუკეთეს იმ მიგნებებსა და გამოწვევებს, რაც არსებობს არაგადამდები დაავადებების პრევენციის მიმართულებით. შეხვედრაზე მრავალ მიგნებას გაესვა ხაზი. მათ შორის, ეს არის ის მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო თამბაქოს აკრძალვასთან დაკავშირებით. ყველაფერი შესაძლებელია განხორციელდეს უმოკლეს ვადებში, რათა სულ მალე ის დანახარჯები, რაც არის ჯანდაცვაზე, მკვეთრად შევამციროთ და იყოს ინვესტირება გაკეთებული სწორად და აქცენტები გაკეთდეს სწორად“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

დოკუმენტის შემუშავება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტი მომზადდა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი პროგრამის – „სოლიდარობა ჯანმრთელობისათვის: COVID-19 პანდემიასთან ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში. ეს მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი 400 მილიონი ევროს ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0