ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების რჩევა, მოწოდება და რეკომენდაცია არის, რომ სხვა ზომებთან ერთად გამოვიყენოთ პირბადე

10/06/2020

პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენისთვის დეპუტატებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროგრამების ერთი წლით გაგრძელებას. კანონის პროექტით წესრიგდება ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებასთან და ავტორიზაციის გაუქმების ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადებზე წარმოების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები. პლენარულ სხდომაზე ეკატერინე დგებუაძემ ასევე წარადგინა საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმაში, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსებას, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვას და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას. კანონის პროექტის თანახმად, ნორმას ემატება დამატებითი გამონაკლისი და ეს აკრძალვა არ გავრცელდება საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებზე.

„სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ჩვენი აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე ვიწყებთ ახალ პროექტებს და იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მაუწყებელთან ერთად, განათლების სისტემას მიეცეს შესაძლებლობა თანამშრომლობის ფარგლებში გარკვეული პროექტების, მხოლოდ საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, მეორე მოსმენისთვის პროექტში გათვალისწინებული და ასახულია ის კომენტარები, რაც პირველი მოსმენისას გამოითქვა და ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცემათ მხოლოდ დაფინანსების უფლება. საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განსახილველად პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ზაზა გაბუნიამ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება აღნიშნული კანონის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა, რაც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დაარეგულირონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება.

კანონის პროექტის თანახმად „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერები
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“. აგრეთვე, ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ ნაცვლად გამოყენებული იქნება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“. აღნიშნული ცვლილებით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოდის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. ამ კანონში ცვლილებით, ყველა მუნიციპალიტეტს, მიუხედავად იმისა, ის თვითმმართველია თუ არა, შესაძლებლობა ექნება გასცეს როგორც რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ასევე მოახდინოს მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურეობის ორგანიზება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტი „აკვაკულტურის შესახებ“ მესამე მოსმენით განსახილველად კოლეგებს პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ გასწორდა რედაქციულად და მის გარდამავალ დებულებებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ვადამ ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრისა 2021 წლის 1 მარტამდე გადაიწია. შესაბამისად გადაიწია კანონის ამოქმედების ვადამ და 2021 წლის 1 მარტით განისაზღვრა. დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . მომხსენებლის, პროექტის ერთერთი ავტორის, მერაბ ქვარაიას განმარტებით, მეორე მოსმენის შემდეგ პროექტში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა. პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს საქართველოს მთავრობის ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც დეპუტატებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა. კანონის პროექტი ითვალისწინებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის ამოღებას. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება დაეკისრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს. მომხსენებლის განმარტებით, პროექტს მეორე მოსმენის შემდეგ არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განუცდია. საქართველოს პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, პირველი მოსმენით განსახილველად კოლეგებს ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა გოგა გულორდავამ წარუდგინა. წარმოდგენილი კანონის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ან სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის მართვის გეგმა. გარდა ამისა, ცვლილებას განიცდის და ზუსტდება რიგი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. კანონპროექტით დასჯადი ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ და აგრეთვე ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება. მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია. ერთია, რომ შევქმნით სამართლებრივ საფუძველს, და ამის შემდეგ შესაბამისმა უწყებამ უნდა დაიწყოს მუშაობა. მთავარია მათ ჰყავდეთ შესაბამისი კვალიფიციური კადრები და მთავარია ასევე შესაბამისი აღსრულების ორგანოების დაფინანსების ზრდა, რომ მათ შეძლონ და სრულფასოვნად შეასრულონ ფუნქცია“, – განაცხადა კანონპროექტის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ.

სხდომაზე საქართველოს კანონის პროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარადგინა. კანონის პროექტით ახლებურად წესრიგდება ანგარიშვალდებული საწარმოს ცნებასთან, პერიოდულ საანგარიშგებო მოთხოვნებთან, ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების შემოსავლების შესახებ საანგარიშგებო მოთხოვნებთან, საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან და საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის მიმართ დამატებით მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხები. მომხსენებლის განმარტებით, პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები პროექტში გათვალისწინებული და ასახულია. მისივე თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ იყო კონსულტაციები ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათი სამართლებრივი შეფასების შემდეგ, პროექტში დამატებით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომელიც იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან უკვე შეთანხმებულია. პლენარულ სხდომაზე ეკატერინე მიქაბაძემ წარადგინა ასევე საქართველოს კანონის პროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად. საქართველოს მთავრობის ინიციატივა დეპუტატებმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს. მომხსენებლის განმარტებით, კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოში საინვესტიციო ფონდებისთვის შესაბამისი წესების დადგენას, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესების და სამართლებრივი საფუძვლებს დადგენას. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციასთნ, რეგისტრაციასა და აღიარებასთან, აქტივების მმართველ კომპანიასთან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან, საინვესტიციო ფონდების შერწყმასთან, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელებასა და სესხის აღებასთან ან გაცემასთან, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების შეფასებასთან და საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონმდებლებმა ერთი მოსმენით, განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის და დავით მათიკაშვილის ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისთვის ვადის გახანგრძლივებას 2020 წლის პირველ სექტემბრამდე „ტექნიკური რეგლამენტის − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ მისაღებად, რომელიც დაეფუძნება უნივერსალური დიზაინის სტანდარტებსა და პრინციპებს, „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობებისა და მოწყობილობების“ (ICC A117.1) სტანდარტების გათვალისწინებით“.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი მეზურნიშვილის, სულხან მახათაძის ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით განსახილველად კოლეგებს ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა სულხან მახათაძემ წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონის პროექტით რეგულირდება ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) დაბეგვრის რეჟიმთან, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კონკრეტულ კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებასთან, ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში) აქციზით დაბეგვრასთან, ბუნებრივი აირის კონდენსატის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული საკითხები.

სულხან მახათაძემ განმარტა, რომ დაბეგვრის არსებულ მოდელში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია (გარდა ბუნებრივი აირისა აირისებრ მდგომარეობაში) დაბეგვრის ორეტაპიანი მოდელის შეცვლა ერთეტაპიანი (ერთიანი) მოდელით. იმპორტიორები იმპორტის განხორციელებისთანავე მოახდენენ ერთიანი აქციზის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც მისი თქმით, ერთის მხრივ გაამარტივებს შესაბამისი გადასახადის ადმინისტრირებას, მეორეს მხრივ კი თავიდან იქნება აცილებული საგადასახადო სამართალდარღვევებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების მაღალი რისკები.

მომხსენებლის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები აღმოფხვრის უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტის, ანუ აქციზურ გადასახადს დაქვემდებარებული პროდუქტის, აქციზის გადასახადის გარეშე იმპორტის მანკიერ პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, აგრეთვე უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს არსებობას. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილებები შეაჩერებს ზიანს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველთვიურად ადგება. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ფასების ზრდა სოციალური გაზის ნაწილში, მომხსნელის თქმით, სავარაუდოდ ფასების ზრდა არ იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ბაზარზე პროპორციულად ფასის ზრდა, მისივე თქმით არსებობს შესაბამისი კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან, შემუშავდება ინიციატივა, რომ მოხდეს ამ ნაწილის დასუბსიდირება ბიუჯეტიდან. მომხსენებელმა კოლეგების შეკითხვებს უპასუხა და შესაბამისი განმარტებები გააკეთა.
დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს.

ლევან გოგიჩაიშვილი: „ჩვენ გვჭირდება მსჯელობა, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. კითხვებზე რომ სრულყოფილად მივიღოთ პასუხი, ამას სჭირდება მსჯელობის სივრცეების გაჩენა. გადავიდეთ ისეთ რეჟიმში, სადაც უფრო ფართო წარმომადგენლობით იქნებიან ადამიანები.“

გედევან ფოფხაძე: „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც მგონია, რომ ჩვენ შეიძლება დავდგეთ, ეს აის ფასი. ამიტომ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გვჭირდება და იმის გამო, რომ ჩვენ გვიჩნდება უკმარისობის განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება ჩქარა უნდა მიიღოს, ინიციატორებისთვის ესეც გასაგები უნდა იყოს. აჩქარების პროცესი აჩენს კითხვებს. საპარლამენტო საქმიანობა არის ერთიანი პროცესი. როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, აქციზთან დაკავშირებით, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ავტომატურად ეხება ყველა იმ საკითხს, რომელზეც ჩვენ თვეები ვმსჯელობთ, არ გამოგვაქვს, არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და რატომ ხდება, რომ არის საკითხები, რომელზეც ვერ მივიღეთ გადაწყვეტილებები თვეების მანძილზე და ეს მაინც და მაინც დღეს უნდა მივიღოთ“.

ბექა ნაცვლიშვილი: „თქვენ რომ ამბობთ, რომ აქციზი იზრდება ერთ ტონაზე, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ადამიანებს ვუთხრათ რატომ გაუძვირდებათ ფასი. არგუმენტები არ არის დამაჯერებელი. და ჩვენ გთხოვთ, რომ შევაჩეროთ კენჭისყრა, ჩავატაროთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა და იქ განვიხილოთ“.

ბექა ოდიშარია: „თქვენ საკმაოდ ვრცლად გამეცით პასუხი, მათ შორის მოიყვანეთ ექსპერტული კვლევები. თუმცა მითხარით, რომ არ გაძვირდება და ამის გარანტად თქვენ მოგყავთ ის ოფიციალური მოლაპარაკება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და დასტური, რომ მოხდება სუბსიდირება თუ ასეთი საჭიროება შეიქმნება. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ნათლად და მკაფიოდ უთხრათ ადამიანებს, თუ როგორ მოხდება ასეთი რისკის დაზღვევა, რომ ადამიანებმა იგრძნონ სიმშვიდე ამ მიმართულებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ხვრელებზე, მანკიერ პრაქტიკაზე, კვოტებზე, ეს აღსაქმელად არის რთული, ამიტომ მოსახლეობას უნდა ვუთხრათ მკაფიოდ, რომ არ გაძვირდება. სახელმწიფო ვალდებულია აღმოფხვრას ყველა ხვრელი, რომელიც წარმოშობს გადასახადებისაგან თავის არიდებას. თუ ხდება გადასახადებისგან თავის არიდება, რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ სექტორს, რომ სექტორში მოთამაშე მხარეები იყვნენ სამართლიანი კონკურენციის პირობებში. დაგეგმილია კიდევ ორი კომიტეტის სხდომა და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩვენ გვექნება სრული წარმოდგენა, მოსახლეობასთან ერთად, სხვა თანმდევ საკითხებზე, კერძოდ, ეკოლოგიაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე და სხვა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენ გამოვალთ რიგითი მოქალაქის ინტერესებიდან“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ კოლეგებს, კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის პოზიცია გააცნო.

„როდესაც კომიტეტში შემოვიდა კანონპროექტი, ჩვენ დავინახეთ, რომ საშიშროება იყო მოსახლეობას გაძვირებოდა გაზის ფასი, ამიტომ ჩვენ საკითხი დავაყენეთ, რომ მთავრობიდან მიგვეღო გარანტია, რომ ეს არ მოხდებოდა. მომხსენებლებმა ეკონომიკის მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური ცნობა მოიტანეს, რომ იმ შემთხვევაში თუ გაზი გაძვირდება, მოსახლეობისთვის ამ თანხის კომპენსირება მოხდება. ჩვენთვის მთავარი საკითხი იყო კონკურენტული გარემოს შექმნა და მთავარია კონკურენციაში შევიდეს ბუნებრივი გაზი და თხევადი გაზი. ეს არის მთავარი თემა. კომიტეტისთვის მთავარია კონკურენციაში შევიდეს ეს ორი მიმართულება, თუ ვინმეს დასაბუთებული ეჭვი გაუჩნდება, რომ რომელიმე მხარე უკეთეს პირობებში დგება, გთხოვთ მოგვაწოდოთ ეგ ინფორმაცია და თუ კომიტეტი დარწმუნდება, რომ კონკურენცია რომელიმე მხარის მიმართ ირღვევა, პირადად მე და კომიტეტის წევრები ასეთ კანონს მხარს არ დავუჭერთ. მაგრამ რაც დღეს სხდომათა დარბაზში მოვისმინეთ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ ეს სწორი პოზიციაა“.

ირაკლი მეზურნიშვილი: „მთავარი პრინციპი არის ის, რომ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც არის თხევადი გაზის დაბეგვრის – ცალსახად უნდა აღმოიფხვრას და ცალსახად უნდა გასწორდეს. ეს არის ობიექტური, ეს არის ცალსახა ჭეშმარიტება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფასი არ გაძვირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური რისკი გაჩნდება, რომ ფასი გაძვირდეს სოციალური გაზის ნაწილში და ამაზე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი ეკონომიკის მინისტრისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაძვირდება სოციალური გაზის ნაწილში, მოხდება აბსოლუტური, სრული სუბსიდია ამ ფასის. ამიტომ ამ ნაწილში ვართ სრულად დაზღვეულები. ტარიფი არის ობიექტური და ეს დაადასტურა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ძალიან დეტალური განხილვა ხდებოდა იმ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც დასწრების უფლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა. ასე რომ, ძალიან მარტივად არის აქ საქმე, მთავარია, გავიგოთ პრინციპი, ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის, შევისწავლეთ აბსოლუტურად ბაზარი, შევისწავლეთ ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის დღეს და ვფიქრობთ, რომ ეს ტარიფები არის სამართლიანი“.

მამუკა მდინარაძე: „საკითხი შეეხება პრივილეგიის გამორიცხვას და არა მინიჭებას. პრინციპებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ მეორე მოსმენისთვის წარმოადგინეთ კალკულაცია, მათემატიკური დათვლა – თუ რატომ ხდება მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება და რატომ მაინცდამაინც ამ კონკრეტული თანხით. გთხოვთ, გათანაბრების პირობები წარმოადგინოთ მათემატიკური სიზუსტით, რათა არავის დარჩეს კითხვა, არავინ გამოიყენოს არც გასაკრიტიკებლად და ცუდ შემთხვევაში, არც სასპეკულაციოდ. სუბსიდირება კარგია. კეთილი ნების გამოხატვაც კარგია, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სუბსიდირება ხდება მოქალაქის მიერ მოხმარების შემთხვევაში, თუკი მას გარკვეულწილად, გაუძვირდება საფასური. მოვისმინე იმის არგუმენტაციაც თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს. არ დავტოვოთ სივრცე იმისთვის, რომ დარჩეს კითხვის ნიშნები“.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად პირველი მოსმენით განსახილველად პარლამენტის წევრებს ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ მთელი ეს პერიოდი ეფექტიანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების და ღონისძიებების სწორად გატარების უნარით შეძლო ის, რომ მნიშვნელოვნად შეამცირა კორონა ვირუსის გავრცელება. ეს იმ პირობებში, როდესაც როგორც რეგიონში, ასე მსოფლიო მასშტაბით ვირუსი მძვინვარებს და შესაბამისად, ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს საკმაოდ რთულად უწევთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. მე მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, ყველას ვინც იყო სოლიდარული ღონისძიებების დაცვის საკითხში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურ შემხებლობაშია ამ საკითხთან.
ჩვენ გვესმის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან უპასუხისმგებლო და სპეკულაციური განცხადებები, თითქოს ჩვენ რაღაცას ვკრძალავთ და თითქოს ის რეგულაციები რასაც ახლა თავიდან ვაწესებთ არის ჩვენი საზოგადოების ინტერსების საზიანო. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ რომ კორონავირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება, ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილება. მე არ გამომაქვს პოპულისტური კანონი. გამეხარდებოდა მესაუბრა იმაზე, რომ იხსნება შეზღუდვები, მაგრამ მე ამას ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშეც ვდგავართ. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ჭირდება მიდგომა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პროექტის წარდგენისას.

კანონპროექტის თანახმად „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრულ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით. იმავე წესით განსაზღვრული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, რეგულაციები იმოქმედებს 15 ივლისამდე, აღნიშნული ვადის შემდეგ რეგულაციების გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო ექსპერტების რჩევაზე. მომხსენებელმა კოლეგების შეკითხვებს უპასუხა და პროექტით გათვალისწინებულ საკანონმდებლო სიახლეებზე დეტალური განმარტებები გააკეთა. დეპუტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მეორე მოსმენის ფარგლებში უნდა ამოიწუროს ყველა კითხვა და ისეთი რეგულაციები გაიწეროს, რომელიც გაუგებრობებს მინიმუმამდე შეამცირებს.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოცემულობა. პირველი, არის ის, რომ მსოფლიოში პანდემია ისევ არსებობს და ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა, მეორე- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების რჩევა, მოწოდება და რეკომენდაცია არის, რომ სხვა ზომებთან ერთად გამოვიყენოთ პირბადე და მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან. მეორე მხრივ, რასაკვირველია ოპონირება ამ პროცესში არის აუცილებელი და მაქსიმალური ჩართულობით ყველა რისკის, ყველა კითხვის და სათუო საკითხის გათვალისწინებით მივიღოთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება. ყველას გვესმის, რომ ჩვენ ახლა ვქმნით მარეგულირებელ ჩარჩოს და არ შევდივართ კონკრეტულ დეტალებში, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, რომ მოქალაქეებისთვის კონკრეტულად სამართლიანად გაიწეროს და იყოს ეს ყველასთვის გასაგები თუ რას ეხება და რატომ აწესებს ხელისუფლება ასეთ შეზღუდვებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის წესრიგის საკითხების განხილვის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0