თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთწამინდის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და კომპანია “GWP“-ს წარმომადგენელთან მამუკა კიკალიშვილთან ერთად ამაღლების ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განმარტა ამაღლების, იაშვილის და ასათიანის ქუჩებზე 1200 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მთლიანად შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა, რის შედეგადაც რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდება.
„ეს არის თბილისის მერიის და კომპანია “GWP”-ს ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვლება გზის საფარი და აღარ განმეორდება წინა ხელისუფლების დროინდელი მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ჯერ გზის საფარი იგებოდა და შემდეგ ხდებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია ამაღლების ქუჩაზე დღეს დასრულდება.
ჯაბა ჯიშკარიანმა ამაღლების ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
19/08/2016