ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

Friday September 30th, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს როგორც გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ისე ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება მეორე კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0