ხუთ და შვიდთვიანი საარჩევნო კამპანია და ამ რეჟიმში გადასვლა დემოკრატიის ნიშანი არ არის, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი განმარტებით, კარგია, რომ არჩევნების დღე ადრე გამოცხადდა და 8 ოქტომბერთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რაც შეეხება შესაბამისი სამართლებრივი აქტის გაფორმებასა და გამოცემას, რაც წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადასავლას იწვევს, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირადად მას არასდროს ჰქონია მოლოდინი და სურვილი იმისა, აქტი რაც შეიძლება ადრე გამოცემულიყო.
”მე მივესალმე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, არჩევნების დღის რაც შეიძლება ადრე გამოცხადების თაობაზე. მეტიც, მე რამდენიმე ხნით ადრე საჯაროდაც გამოვთქი სურვილი, რომ კარგი იქნებოდა არჩევნების დღე დასახელებულიყო რაც შეიძლება ადრე. ამას ითხოვს ყველა, მათ შორის საერთაშოროსო დამკვირვებლები, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გეგმავენ. კარგია, რომ არჩევნების დღე გამოცხადდა ადრე – ეს არის 8 ოქტომბერი. რაც შეეხება მის სამართლებრივად გაფორმებას, პირადად მე არასდროს მქონია მოლოდინი და სურვილი, რომ აქტი გამოცემულიყო რაც შეიძლება ადრე. აქტის გამოცემას უკავშირდება ძალიან ბევრი პროცედურები მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, საჯარო სახელისუფლო დაწესებულებებისთვის და ხუთ და შვიდთვიანი საარჩევნო კამპანია და ამ რეჟიმში გადასვლა დემოკრატიის ნიშანი არ არის. დემოკრატიის ნიშანია ყოველდიურად პოლიტიკური თავისუფლებები, თავისუფალი მედია გარემო და თავისუფლება პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, რადგან ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კონსტიტუციით,არ შეუძლიათ. საჭიროა, შეთანხმდნენ. არჩევნების დღე რომ გამოცხადებულია, ეს პოლიტიკურად კარგია. სამართლებრივ საკითხებს პრეზიდენტი და პრემიერი თავად გაუმკლავდებიან ისე, როგორც მაქსიმალურად უკეთესი იქნება ქვეყნისთვის”, – განაცხადა უსუფაშვილმა.