ხონში დევნილთა დასახლებაში ბაღის მშენებლობა იწყება

18/07/2019

ხონში, დევნილთა დასახლებაში N2 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სადაც 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. განახლებული საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს ხონში მცხოვრები დევნილი და არადევნილი ბავშვების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებას.
სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე წელს დევნილთა დასახლებაში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია და სათემო ცენტრის მშენებლობაც არის დაგეგმილი.
დევნილთა დასახლებაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისისა და ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0