გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან, დავით საგანელიძესთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში, შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანიის „ქარვა“ პროექტის ფარგლებში გახსნილ საწარმოში იმყოფებოდა. „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკოკინის კომბინირებული მზა საკვები მზადდება. წარმადობა საათში 3,5 ტონას შეადგენს. წარმოებული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად მოხდება ლოკოკინის საკვების წარმოება.
„მეცხოველეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საკვებწარმოება. ქვეყანაში ამოქმედდა კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც, გარკვეულწილად, იმპორტს ჩაანაცვლებს “, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
„საპარტნიორო ფონდი“ კიდევ ერთ საწარმოს ქმნის, ამჯერად სამეგრელოში, ხობში. ეს არის კომპანიის „ქარვა“ განსხვავებული ინდუსტრიული ხაზი – კომბინირებული საკვების წარმოება ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკონიკისთვისაც კი, რაზეც უკვე მზარდი მოთხოვნა გამოიკვეთა. ასეთი ტიპის წარმოების დაწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ახალი დარგების განვითარებას”, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.
საწარმო მოეწყო პარტნიორების პირადი კაპიტალით, „საპარტნიორო ფონდის“, სოფლის განვითარების სააგენტოს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, ბანკის „ქართუ“ და „ბაზისბანკის“ ჩართულობით.