გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავი-ატენის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, ასევე, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე, ისე, სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი. სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, იმის გარდა, რომ საავტომობილო გზა სრულად რეაბილიტირდება და შედეგად ადგილობრივებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ პირობები, საგზაო ინფრასტრუქტურით სარგელობას ტურისტებიც შეძლებენ.
ხიდისთავი-ატენის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
14/04/2021