„ხვალ, 24 აპრილს, გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა ეტაპებით მოხდება შეზღუდვების მოხსნა. ბუნებრივია, შეზღუდვების მოხსნა არის დაგეგმილი და ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით. მთავარი წინაპირობა ამ შეზღუდვებისთვის არის ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების დინამიკის შენარჩუნება, არამედ ჩვენი ამოცანაა დაავადების შეჩერება საქართველოში. პირველი მთავარი წინაპირობა ამისთვის კი არის დინამიკის შენელება და შემთხვევების რაოდენობის კლება. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნის პროცესი უნდა მიყვეს ამ დინამიკას და აუცილებლად ასეც იქნება. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული შეზღუდვის მოხსნა გახდა შესაძლებელი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ისევე როგორც ეტაპობრივად ვაწესებდით შეზღუდვებს დაავადების გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე. აუცილებელია შეზღუდვების მოხსნა მოხდეს ფრთხილად, თანმიმდევრულად და მიზნობრივად, რათა ამ პროცესმა არ გამოიწვიოს დაავადების მეორე ტალღა. ეს არის ახლა მთავრი საზრუნავი ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც უკვე დაიწყო ან იწყებს გარკვეული შეზღუდვების მოსხნას. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გასცემს უკვე თავის რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ბუნებრივია, როგორც შეზღუდვების დაწესებისას და ეპიდემიის მართვისას, ჩვენ შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისითაც გავითვალისწინებთ როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე ეპიდემიოლოგების და სპეციალისტების რჩევებს. ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ შევანელოთ ვირუსის გავრცელება იმისთვის, რომ შევძლოთ ყველა შეზღუდვის კონტროლირებადი ეტაპობრივი მოხსნა, ნაბიჯ-ნაბიჯ ავამუშაოდ ის დარგები, რომელიც დღეს არის შეზღუდვების ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რომ მათი სახლში ყოფნის ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ გარეთ. ისე, რომ მერე არ მოგვიწიოს ყველას ერთად ისევ სახლში დარჩენა სამწუხაროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში.“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა
ხვალ, 24 აპრილს, გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა ეტაპებით მოხდება შეზღუდვების მოხსნა
23/04/2020