2 თებერვლიდან „მანი“-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებს. სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის. ახალი ავტობუსების პრეზენტაციას, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნულ მარშრუტზე აღდგება ღამის რეისებიც. 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება. შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. როგორც ცნობილია, N51 და 61 მარშრუტებზე ჯამში 25 „მანის“ ავტობუსი დადის. ეკოლოგიური-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.
ხვალიდან N37 მარშრუტზე 10 ახალი „მანის“ ავტობუსი იმოძრავებს
01/02/2017