ხელს შეუწყობს ჩვენს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებას

03/02/2022

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებასა და სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესა და რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს და ამ კუთხით არსებულ მიზნებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს პროგრამაში ფერმერების ჩართვის პირობები და პროცესის წარმართვის მხრივ ადგილობრივი ხელისუფლების როლზეც იმსჯელეს. როგორც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, პროგრამაში გათვალისწინებულია ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების დეგრადირების პრევენციას, რაც, თავისთავად, შესაძლებლობას მისცემს ჩვენი სოფლის მოსახლეობას, რომ ხარისხიანი საძოვრებით ისარგებლონ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შეფასებით, პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ხელს შეუწყობს ჩვენს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებასა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ამიტომაც, დავით ნოზაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროცესში აქტიური ჩართულობისკენ და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა. შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0