დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მეცემა 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანმშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება. მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტპანდემიის პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს მივიღეთ 190 მილიონი ევროს დახმარება, რაც მთავრობას დაეხმარა პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, როგორც სოციალური, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. ასევე, მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 483 მილიონი ევროს დახმარების ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, წყალმომარაგებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.
„დღევანდელი მემორანდუმით, ამ ორი წლის განმავლობაში, 483 მილიონი ევროს დაფინანსება დაიწყება და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება. მადლობა საფრანგეთის რესპუბლიკას და ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ელჩს, რომლის უშუალო ჩართულობით ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. მე მჯერა, რომ დღევანდელი დღე კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობას და თანამშრომლობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, 2020 წელს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს კოვიდის პერიოდში დახმარებას დაჰპირდნენ და ამ მიზნით 190 მილიონი ევრო გამოყვეს კიდეც. მისივე თქმით, საფრანგეთი საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც დაეხმარება.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, ინვესტიცია განვახორციელოთ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში. ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის და საფრანგეთისთვის, იმიტომ, რომ 3 წლის განმავლობაში, ეს არის ამბიციური პროგრამა. თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ 150 მლნ ევრო იქნება წელიწადში, 3 წლის განმავლობაში, თანასწორ ნაწილებად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება, დაახლოებით 30 მლნ ევროს ოდენობით, ამ თანხის ზემოდან. მე მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯამში, ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, გავაძლიეროთ პროდასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ საოცარი ამბები ხდება და მოხდება”- განაცხადა დიეგო კოლასმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო თბილისში ხორციელდება. ძალიან საინტერესო პროექტებია, არა მარტო მწვანე კონცეფციის და ტრანსპორტის სფეროში, არამედ ინკლუზიური პროექტები ხორციელდება საბინაო მეურნეობებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის და ზოგადად, განვითარების კონტექსტში მოხდება თბილისის მასშტაბით.
რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა „წიგნის დედაქალაქის” სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, რომელიც არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში, წყლის რესურსების მართვის სფეროში, ირიგაციის სფეროში და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წეს-ჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. სხვა პროგრამებიც იქნება სოციალური კოდექსის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, იგივე მინდა ვთქვა რეგიონულ განვითარებაზეც”-,განაცხადა დიეგო კოლასმა.
ელჩმა პროექტების განხორციელების პროცესში გუნდური მიდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის გუნდური მიდგომა ევროპულ მედიაში „ჰაშთაგით” „მეგობრობა ევროპაში” შუქდება.
2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, შემდგომი 3 წლის განმავლობაში საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება. აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ პრაქტიკულად ორმაგდება თანამშრომლობის აქამდე არსებული მასშტაბი. შეთანხმების მიზანია, 2021-2023 წლებში სააგენტოსთან თანამშრომლობის საორიენტაციო სფეროებისა და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა. წარმოდგენილი შეთანხმების გაფორმება ერთგვარი დემონსტრირებაა იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აქვს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, რეგიონული განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა.
2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, წყლის რესურსების მართვისა და ირიგაციის მიმართულებებით.
შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ მოაწერეს.