ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030

07/07/2021

„ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს განვითარების ათ წლიანი ხედვა და 2019-2021 წლების მიღწევები წარადგინა. 2019-2021 წლებში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმების და დევნილთა განსახლების სფეროებში ძირეული ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სისტემური ცვლილების ფარგლებში ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების ცენტრალიზებული მართვის მიზნით მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების ვადები, კერძოდ დაფინანსების სამთვიანი ინტერვალი შემცირდა ერთი თვით, რის შედეგადაც დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. განხორციელდა სახელმწიფო პროგრამების ცენტრალიზაცია. გაიზარდა ონკოლოგიური პაციენტების ქიმიოთერაპია/სხივური თერაპიის კომპონენტში არსებული ლიმიტი 8000 ლარით. განხორციელდა მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემის სტანდარტიზება და დანახარჯების ოპტიმიზაცია.
დაწესებულებებში არსებული რადიკალურად განსხვავებული ფასებისა და ჯიბიდან გადახდების გამო, დაიწყო სამედიცინო სერვისების ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელება.
ტარიფიკაციის ფარგლებში სახელმწიფომ პაციენტებისთვის კარდიო-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა დაიწყო. პაციენტის ჯიბიდან გადახდა, რომელიც ათეულ ათას ლარზე მეტი იყო, 350 ლარიდან 700 ლარამდე შემცირდა.
შემუშავდა რეგულირების ახალი ინსტრუმენტები. კერძოდ, გაფართოვდა და დაზუსტდა კლინიკების სანებართვო პირობები და ამოქმედდა ინფექციის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტი. გარდა ამისა, საქართველოში პირველად გაიცა GDP სერტიფიკატი.
გაძლიერდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელი-შეიქმნა სამედიცინო ჰოლდინგი, რომელიც 26 სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას მართავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, უცხოელ ექსპერტებთან ერთად პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით სრულად განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება. გაიზარდა სოფლის ექიმისა და ექთნის ხელფასი და მოხდა მათი გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან.
დაიწყო ტელემედიცინის სისტემის დანერგვაზე მუშაობა, რისთვისაც სახელმწიფომ ტელემედიცინის 50 ერთეული სისტემა შეისყიდა.
დაიწყო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სრულდება მუშაობა სისხლის უსაფრთხოებისა და ტრანსპლანტაციის კანონმდებლობაზეც.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კუთხით, გადაუდებელი დახმარების ავტოპარკს 218 ახალი ავტომობილი გადაეცა. გაიხსნა 57 ახალი რაიონული ადმინისტრაციული შენობა. ერთიან მართვაში გადავიდა თბილისის და რეგიონების სასწრაფო დახმარება. გაუმჯობესდა პერსონალის შრომის პირობები და გაიზარდა პერსონალის შრომის ანაზღაურება. ასევე, ყველა ავტომობილზე დამონტაჟდა GPS სისტემა.
UNICEF-ის და ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ დახმარებით განხორციელდა რეგიონული ამბულატორიების ინტერნეტიზაცია და კომპიუტერული აღჭურვა. გაიზარდა სახელმწიფო ფულადი გასაცემლები, ასაკობრივი პენსია, სოციალური პაკეტები და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარების პროცესი.
ჩვილ ბავშვთა სახლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბენეფიციართა რაოდენობა. ოჯახების გაძლიერების მიზნით სახელმწიფოს მდგრადი მხარდაჭერის შედეგად მოხდა 523 ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში და დაიწყო მუშაობა ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის ამოქმედებისთვის.
შრომის ინსპექციის სამსახურის მიმართულებით, გაძლიერდა საერთაშორისო თანამშრომლობა, ასევე გაიზარდა შრომის ინსპექტორთა რაოდენობა. მათ მიენიჭათ საჯარო მოხელის სტატუსი და მოხდა მათი დაკომპლექტება სექტორულ ჯგუფებად. სამუშაო ადგილებზე ლეტალობის სტატისტიკა 2019 წელთან შედარებით 64%-ით შემცირდა.
ქვეყნისთვის დასაქმების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით 2020 წელს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო შეიქმნა.
დაიწყო აქტიური მუშაობა ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხებზეც.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების მიზნით თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა გერმანიის, ისრაელის, საფრანგეთის, ბულგარეთის სახელმწიფოებთან.
სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში დაიხურა 97 მძიმე კატეგორიის ნგრევადი ობიექტები და მოხდა იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება ახალაშენებულ კორპუსებში.
დასაქმების, თვითდასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა.
ჯანდაცვის სექტორის მომდევნო 10 წლის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს:
2021-2030 წლებში გაძლიერდება გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობა, დაინერგება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმები, გაუმჯობესდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
კიდევ უფრო გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის სისტემა.სამინისტრო კიდევ უფრო ორიენტირებული იქნება დაავადებათა პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე, ადრეულ გამოვლენასა და გართულების თავიდან აცილებაზე, გაძლიერდება ოჯახის ექიმის რგოლი, გაიზრდება სერვისების მოცულობა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
შემუშავდება ახალი მოდელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული მოქალაქის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე.
ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში იგეგმება 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა და თბილისის 2 ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია.
მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერებაც, რომელიც მაღალი ხარისხი სერვისის მიწოდებით, პაციენტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში 20-მდე კლინიკა უახლესი სტანდარტების შესაბამისად განახლდება. მოხდება სახელმწიფო კლინიკების სასწავლო ბაზებად ინტეგრირება, სახელმწიფო კლინიკების პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და შრომის ანაზღაურების სტანდარტიზება.
გაიზრდება სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, მოხდება პროფესიული ასოციაციების გაძლიერება და საექთნო საქმიანობის ხელშეწყობა.
მოხდება ჰოსპიტლების სელექტიური კონტრაქტირება და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დანერგვა.
დაინერგება სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმები.
გაიზრდება ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე,რაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გაფართოვებას გულისმოხბს.
შეიქმნება წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია, მოხდება მედიკამენტების ფასწარმოქმნის სისტემის სრულყოფა და დაინერგება მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მექანიზმები.
მოხდება ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივი გადასვლა. ციფრული ჯანდაცვა ზოგავს როგორც პაციენტის, ისე დაწესებულებისა და სახელმწიფოს რესურსებს.
იწყება „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა. ეს იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისის მხარდაჭერის საფუძველი გახდება. „სოციალური კოდექსის“ სამიზნე სფეროებს განეკუთვნება: სოციალური რეფორმა, ჯანდაცვის რეფორმა და სადაზღვეო რეფორმა.
სოციალურ დაცვას შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ოჯახების გაძლიერება და ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებში აღზრდა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია. მოხდება ოჯახის მხარდამჭერი სერვისების გაძლიერება , ალტერნატიული სერვისების განვითარება, დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დახურვა, დამატებითი სპეციალიზებული 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებების შექმნა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან ალტერნატიულ სერვისებში განთავსება.
საქართველოს მასშტაბით მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სოციალური მოდელის სრული დანერგვაც.
მოხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება.
2021 წლის ბოლომდე, 3 000-მდე დევნილი ოჯახი და 250-მდე ეკომიგრანტი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით.
ჯანდაცვის სამინისტროს ურყევ პრიორიტეტად კვლავ რჩება ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0